ათენელი მთავარეპიკოპოსის კალინიკეს 2017

ათენელი მთავარეპიკოპოსის კალინიკეს 2017 წლის
საშობაო ეპისტოლე (საბერძნეთის ძველმესტილე ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა და ეკუმენიზმის წინააღმდგომთა სინოდი)

„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება”

საყვარელნო მამანო და ძმანო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო,

ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთა (გალ.4,4), ჟამი კეთილი, მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღმრთისა მამისა განკაცნა და მოვიდა ამა სოფლად. იგი განხორციელდა, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული წარწყმედისაგან და რათა მოგვმადლოს ჩვენ ცხონება, ღმრთაებრივი დიდება და შვილება ღმრთისა, ესე იგი ცათა სასუფეველი. მან უზომოდ დაიგლახაკა თავი თვისი, რათა განკურნოს სულით და ხორცით სნეული კაცთა მოდგმა. იგი განკაცდა დედაკაცისაგან, ყოვლადწმინდა ქალწულისა მარიამისაგან, მარადისქალწულისა ღვთისმშობელისაგან, ვითარცა წინასწარ განსჭვრიტა ეს ესაია წინასწარმეტყველმა.
მისი, სიხარულის მომატყვებელი და მთელი სამყაროსათვის მაცხოვნებელი, განკაცება, რომელმაც ორ ნაწილად დაჰყო ისტორია – ქრისტემდე და ქრისტეს შემდეგ – არის საიდუმლოთა საიდუმლო, სრულიად მიუწვდომელი, როგორც კაცთათვის, ასევე წმინდა ანგელოსებისთვისაც. რამეთუ, უსაზღვრო ღმერთი შემოისაზღვრების; ყოვლადვე დაუტევნელი, ქალწულებრივ საშოში დატევნილ იქმნების; ის, ვისაც ცანი ვერ იტევენ, მუცელი ქალწულისა ტვირთულობს; დაუსაბამო, დასაბამის მქონე იქმნების; უდროო და მარადიული, დროის ფარდობითობაში შემოდის; ყოვლისშემძლე – უსუსურ და მტირალ ჩვილად გვევლინება; ყოვლისამფლობელი, რომელიც არაფერს არავისგან საჭიროებს, გაჭირვებული ხდება. მისი ღმრთაებრივი პიროვნება, კაცობრივი ბუნებით იმოსება, ყველა მისი საჭიროებით, მათ შორის დამაკნინებელითაც, ოღონდ, თვინიერ ცოდვისა. მდიდარი დაგლახაკნა და იშვა ერთ-ერთ გამოქვაბულში ბეთლემს ჰურიასტანისასა. იგი შეჰხვიეს ღარიბ სახვევლებში, მიაწვინეს ბაგაში, ესე იგი პირუტყვთა სადგომელში; სავსე დიდებითა დამდაბლდა, ნებსით დაიკნინა და დაიმცირა თავი, მიიღო რა ხატი მონისა. და ამავე დროს იგი რჩება ღმრთად ყოვლისა ქმნილებისა, თანამოსაყდრედ მამისა და სულისა წმიდისა.
საიდან ეგოდენი სიმდაბლე? …”მრავლისაგან სიყვარულისა მისისა, რომლითა შემიყვარნა ჩვენ” (ეფ. 2,4) – გვაუწყებს პავლე მოციქული. მან აგრერიგად დაიმდაბლა თავი თვისი იმიტომ, რომ შეგვიყვარა ჩვენ უსასრულოდ და გამოუთქმელად, მას სწადოდა ჩვენი ცხონება. სიმდაბლე – საქმით გამოხატული სიყვარულია. ამასთან, მან შეგვიყვარა ჩვენ, ოდეს ჯერ კიდევ მტერ მისდა ვიყვენით, და არა მოყვასნი. ხოლო ყოველივე ესე იმისთვის, რომ „ღმერთი სიყვარული არს” (1ინ. 4,8). მან ვერ იტვირთა ხილვად დაცემულ მდგომარეობაში მყოფი მისი ქმნილება, საუკუნო სატანჯველისთვის განწირული და დამონებული. ამისთვის მდაბლდება იგი, რათა ევნოს ჩვენთვის, და გამოგვიხსნას ჩვენ ცოდვისა, სიკვდილისა და ეშმაკისაგან. რათა განგვიცხადოს ჩვენ კეთილნაწლეობა ღმრთისა, მისი უპირველესი ნება, მისი თავდაპირველი ზრახვა, კეთილი და ლმობიერი განწყობა მისი ქმნილებისადმი. ამიტომ იყო, რომ ზეციური მხედრობა წმიდათა ანგელოსთა საზეიმო სიხარულით ჰგალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება”(ლკ. 2,14).
გარდამოსვლა მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელმანცა განგვინათლა ბნელი, განგვიტფო ყინელი და მოგვმადლა მშვიდობა და შენდობა, გვაიძულებს ჩვენ მოწიწებით ჩავუღრმავდეთ მის ამ ღმრთაებრივ საიდუმლოებას. იგი მოგვიწოდებს, მივეგებოთ ერთგზის ჩვენთვის გარდამოსრულს, და ყველა საღმრთო ლიტურღიისას ჩვენ თანა მყოფს, მის პატიოსან ძღვენთა მეშვეობით. უფალი დაჟინებით მოითხოვს ჩვენგან, მივბაძოთ და მივემსგავსოთ მას, მისი სიმდაბლისა და სიყვარულის საღმრთო დიდებულებაში. და რათა ვემსახუროთ მოყვასს იქ, სადაც განგვიწესებს ამას განგება ღმრთისა.
მან დაგვიტოვა და გვიანდერძა მისი მშვიდობა. იგია ჩვენი მშვიდობაც, შემწყნარებელიცა და მშვიდობისმყოფელიც. მან დაგვაზავა და შეგვარიგა ღმერთთან, ანგელოსებთან, ადამიანებთან და საკუთარ თავთან, ღმრთისშემეცნებისა და ჭეშმარიტი ღმრთისმოსაობის ნათელში ყოფნის გზით. ამგვარად, მას ნებავს და იგი მოელის ამას ყველა ჩვენგანისაგან, მისი ერთგული შვილებისაგან, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისგან, რათა ჩვენ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ჩვენი მაღალი და კეთილშობილი წოდებითა და ხარისხით, არამედ რათა საქმით დავუმტკიცოთ, რომ ჭეშმარიტად ვიმყოფებით მასთან მშვიდობისა და დაზავებულობის კურთხეულ მდგომარეობაში, და ასევე სხვებთან და ჩვენს შინაგან ადამიანთან.
საჭიროა სიფრთხილე და მუდმივი მღვიძარება, რადგან ყოველთვის არსებობს საშიშროება განვვარდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან, ანდა დავკარგოთ ნეტარი მდგომარეობა მშვიდობისა და საღმრთო შერიგებულობისა და დავემორჩილოთ ვნებათა, რომლებიც განგვცდიან ჩვენ, და ამგვარად აღმოვჩნდეთ ბოროტის ხელში, და კვლავ დავუბრუნდეთ ღმერთისა და მოყვასის მიმართ მტრობას.
ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და ძმანო, დაე ნუ განვაბნევთ საღმრთო ნიჭთა სიმდიდრეს, რათა არ განვვარდეთ ღმრთისა და მისმიერი მშვიდობის მეგობრობისაგან. ნუ გავცვლით ზეციურ სიკეთეს ქვეყნიურ სიკეთეებზე, უხრწნელს განხრწნადზე და მსწრაფწარმავალზე! არამედ ჭეშმარიტი სინანულით, მართალი სარწმუნოებითა და შეუბღალავი სინდისით დავტკბეთ იმ სიკეთეებითა და მადლით, რომლებიც ღმერთმა განუმზადა მოყვარეთა თვისთა. ამინ!

ქრისტესშობა 2017 წელი
+ მთავარეპისკოპოსი კალინიკე ათენელი წმინდა სინოდის წევრებითურთ.

Nicefor.Info


List Arcypasterski na Boże Narodzenie 2017 (pl.)
Посланiе на Рождество Христово 2017. (ru.)
Nativity Message for 2017. (en.)
Μήνυμα Χριστουγέννων 2017. (gr.)
Synodní encyklika ke svátku Narození Krista 2017. (cz.)
Message pour la nativité du Christ 2017. (fr.)
ათენელი მთავარეპიკოპოსის კალინიკეს 2017 (geo.)
Messaggio Sinodale per la Nativita 2017. (it.)